“INCOTERMS”- 2000
INCOTERMS”-არის ისეთი კომერციული ტერმინების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას. იგი განიხილავს მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ისეთ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის, მიწოდების, დაზღვევის, საბაჟო გაწმენდის, ტრანსპორტირების და ა.შ. ასპექტებთან. თავად ტერმინი „INCOTERMS”-ი არის შემოკლებული ვარიანტი „International commercial terms”, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც საერთაშორისო კომერციული ტერმინები. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების გამოყენების წესების ისტორიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1923 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული იქნა ცნობარი კრებულისა, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია რიგ ქვეყნებში ადათ-ჩვეულებების სახით დამკვიდრებული საქონლის ბაზისური მიწოდების შესახებ  -  სავაჭრო ტერმინები „Trade Terms”, რომლის თანახმადაც მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოიყენებოდა 10 ბაზისური პირობა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდგომი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი განშტოებები აღნიშნული ტერმინების გამოყენებასთან მიმართებაში. სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ერთიდაიგივე ტერმინი რიგ ქვეყნებში სხვადასხვანაირად იქნა გაგებული. ამ პრობლემის  მოგვარების მიზნით საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მოხდა მათი უნიფიცირება და 1936 წელს (ქ. პარიზში) „INCOTERMS“- -ის სახით გამოიცა საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების კრებული, თუმცა აღნიშნული გამოცემა ორიენტირებული იყო ისეთ ტერმინებზე, რომელიც გამოიყენებოდა საქონლის მხოლოდ საზღვაო გადაზიდვისათვის, უკვე შემდგომი რედაქციები კი შეიცავდა ინფორმაციას საქონლის სხვა საშუალებების გადაზიდვების შესახებ. (სარკინიგზო, საჰაერო, ავტოტრანსპორტი). ამასთან დაკავშირებით 1953, 1967, 1976, 1980 და 1990 წლებში ზემოაღნიშნულ დოკუმენტში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები და 2000 წელს ჩამოყალიბდა დღეს მოქმედი საბოლოო რედაქციის სახით.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „INCOTERMS”- ის თითოეული ტერმინის სათანადო შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ხელშეკრულების ორივე მხარე და წარმოიქმნას ისეთი გარემოებები, რომლებიც გამყიდველსა და მყიდველს შორის დავის საგანი გახდება.